
21 წლის რუსი სამხედრო, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარსდგა დამნაშავედ ცნეს.
ვადიმ შიშიმარინი პირველი სამხედროა, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაასამართლებენ. მას ბრალად სუმის რეგიონში 62 წლის შეუიარაღებელი უკრაინის მოქალაქის მკვლელობა ედება.
შიშიმარინმა დანაშაული სრულად აღიარა. პროცესი კიევის სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრების გარდა დაღუპული უკრაინელი კაცის მეუღლეც ესწრება.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ცნობით, 21 წლის რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინაში რუსი სამხედროს გასამართლების პირველი შემთხვევაა. მას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლებენ, რაც „ომის წესებისა და კანონების დარღვევას“ გულისხმობს. მას 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. შიშიმარინი ახლა წინასწარ პატიმრობაშია.
გენერალური პროკურორის ცნობით, შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. შიშიმარინმა სხვა სამხედროს დავალებით უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეს თავში რამდენჯერმე ესროლა.