logo
ENG



მთავრობა: ღარიბაშვილი სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა

18 მაი 202218:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/36s6rr7bphyup60.png

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

დღეს, 18 მაისს NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. რამდენიმე საათის შემდეგ საიტზე ინფორმაცია განახლდა, რომელშიც ეწერა, რომ სტოლტენბერგი ღარიბაშვილს დღეს შეხვდებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება შეხვედრის შესახებ:

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა თავად სტოლტენბერგი:

"შევხვდი ნატო-ს ახლო პარტნიორის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - დაწერა მან.


close დახურვა