logo
ENG



კობახიძე: EU-ს არ აქვს არც ერთი მიზეზი, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრას

30 მაი 202211:20
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირს არ აქვს არც ერთი მიზეზი, უარი თქვას საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. 

მით უმეტეს, თუ, როგორც კობახიძე ამბობს, კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მიანიჭებენ. 

"შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ქართული ოცნების პირობებში მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 

საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. 

საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45%, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით საქართველო არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც უსწრებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

გარდა ამისა, მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არც ერთი ევროთი მეტი.

"კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ ანიჭებს. ასევე, ევროკავშირი არ იღებს ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა სტატუსის მინიჭებიდან რამე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს". -ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. 

დღევანდელ ბრიფინგზე მან ასევე ჩამოთვალა სხვა ქვეყნები, რომლებსაც წლების წინ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, არ გაწევრიანებულან

კობახიძის თქმით, ყველა ამ პირობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრან უარი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. 

არდა ამისა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით:

"პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა;

და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. 

რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო". - ამბობს კობახიძე. 

გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან მიმართებაშიც საუბრობს "რადიკალურ ოპოზიციასა" და იმაზე, რომ სწორედ ისინი ცდილობენ, საქართველომ არ მიიღოს ეს სტატუსი, "რასაც მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა". 

კობახიძე ახსენებს ნიკა გვარამიასაც, მას "სახელმწიფოზე გადამტერებულ და ეკლესიის მაგინებელ კრიმინალს უწოდებს" და ამბობს, რომ ევროკავშირი მისი დაკავების გამო საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარს არ ეტყვუს

"საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება".

ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობს, რომ "უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა"

"ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი.

ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოყვეს საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.

საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ.

საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს.

ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადაეცა. 

მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის არის შემდეგი: 

  • შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა; 
  • ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები; 
  • ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
  • პროკურორის არჩევითობა; 
  • დიპლომატების ფარული მიყურადება. 

სამიტი, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება, ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება. 

 

close დახურვა