logo
ENG



სუს-ის კრებსები, რელიგიური პრივილეგიები, 5 ივლისის ძალადობა - სახდეპი ანგარიშს აქვეყნებს

03 ივნ 202209:55
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებია.

ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში გაშუქებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ სუს-ის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება ფართოდაა გავრცელებული.

"სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ავთენტურობა, მაშინ როდესაც ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, ჟურნალისტი თუ სხვა პირი ადასტურებდა მათ ნამდვილობას და აცხადებდა, რომ თვალთვალი ნეგატიურად აისახა რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაამტკიცა ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც პანდემიის დროს საყოველთაო ლოქდაუნის პირობებში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დღესასწაულებზე შეღავათებს უწესებდა, როდესაც სხვა რელიგიური ჯგუფებისგან რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად სპეციფიკური განაცხადის შევსება იყო სავალდებულო.

დოკუმენტში მოხვდა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც. აღნიშნულია, რომ ათასობით ძალადობრივად განწყობილი პირი, მათ შორის ქართული ეკლესიის მღვდლები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, გაანადგურებს თბილისი პრაიდის ოფისი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსაც.

"თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა, როდესაც დაახლოებით 3 000 მოძალადე პიროვნება, ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნახსენებია პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოც და ნათქვამია, რომ ტელეკომპანია წლის განმავლობაში შეუწყნარებელ განცხადებებს აკეთებდა. ამასთან, საუბარია სასულიერო პირებზეც, რომლებიც კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებდნენ და ქადაგებისას ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდნენ.


close დახურვა