logo
ENG



რესპუბლიკელებზე თავდასხმიდან მეორე დღეს კობახიძე ბერძენიშვილებს სიძულვილის ენით მოიხსენიებს

07 ივნ 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე დავით და ლევან ბერძენიშვილებს დაესხა თავს. მას არ დაუგმია პოლიტიკოსებზე თავდასხმა და პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ "ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ".

"ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს - შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულის მჭრელის როლს, ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო", - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერმა, ბერძენიშვილები ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად "ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა".

კობახიძის აღნიშნული განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იმ პირებს, რომლებიც თავს დაესხნენ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს "კოლექტიური ირაკლი კობახიძეები" უწოდა.

"პირველ რიგში, კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომ არ ვიცი გუშინ ვინც დაარტყა და დაესხა დათო ოერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, იმ ხალხს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია დღეს გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე. მე არ ვიცი ვის ჰქონდა გუშინ ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი და ქართული ოცნება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.

თავდასხმის შემდეგ ბეძენიშვილმა მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დააპირა მშვიდად საუბარი თავდამსხმელებს, თუმცა ეს მათი ინტერესი არ იყო.

"მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი და რაღაცეების გარკვევა და მერე თქვა, რომ აი ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, შენც აყევი, მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო და მერე გადავიდნენ [გინებაზე], აქ ვერ გაივლიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას ხაზგასმით და სპეციალურად", - ამბობს ბერძენიშვილი.


close დახურვა