logo
ENG



ევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერთა მოწოდებაში საქართველო უკრაინასა და მოლდოვისგან გამიჯნულია

09 ივნ 202216:14
3 წუთის საკითხავი
clock 1295

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები უკრაინისა და მოლდოვის EU-ს კანდიდატობას მხარს უჭერენ და მოუწოდებენ ევროკავშირს, "იმუშაოს საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე".

ერთობლივი განცხადებით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები მიმართავენ ევროკავშირის სახელმწიფოებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს, რომლებიც 23-24 ივნისის შეხვედრის მონაწილეები იქნებიან და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ევროკავშირმა უნდა აჩვენოს სიმამაცე, გადაწყვეტა და ხედვა, ჩვენი ევროპელი მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის დღევანდელი კონტექსტისა და გაუარესებული საერთაშორისო გარემოს მიმართ. ევროკავშირი უნდა იყოს სანდრო პარტნიორი და გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს მის პრინციპებსა და ფასეულობებს იმით, რომ სოლიდარულია მათდამი, ვინც იცავს იმავე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყანაში, რომელიც ევროპული ოჯახის ერთგული წევრია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მისწრაფებებს ასევე იზიარებენ ქართველი და მოლდოველი ხალხები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ხალხები, რომელთა მოლოდინები არ უნდა დარჩეს უარყოფილი.

მტკიცედ მოგიწოდებთ, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად; დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის წამოწყებით; იმუშავეთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, რაც ქართველი ხალხის ლეგიტიმური ასპირაციის აღსრულება იქნება", - აღნიშნულია ევროპარლამენტარების პოლიტიკური ლიდერების განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების დეკლარაციის საბოლოო ტექსტი შეცვლილია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ ჯოზვიაკი წინა პროექტის ტექსტს აქვეყნებს, სადაც საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან გამიჯნული არ იყო.


close დახურვა