logo
ENG



გრეგოროვა ღარიბაშვილზე: ვისმენთ შეურაცხყოფას, არ მოსწონს ევროპარლამენტი, რატომ?

10 ივნ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილს სურს, რომ ქვეყანა ევროპის მიმართულებით წავიდეს, მაშინ უნდა დაიცვას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სტანდარტები. ეს გრეგოროვამ ფორმულასთან საუბრისას თქვა.

მისივე თქმით, საქართველოს შესახებ გუშინ მიღებული რეზოლუციიდან ნათელია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"პრემიერის მხრიდან ჩვენ ვისმენთ შეურაცხყოფას, მას ნამდვილად არ მოსწონს ევროპარლამენტი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რატომ? თუ ის პროევროპელია და მართლაც სურს, რომ ქვეყანა წავიდეს ევროპის მიმართულებით, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სტანდარტები.

ვიმედოვნებ, რომ რეზოლუციიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მათ ინტერესებს ვიცავთ. სწორედ ამიტომაც არ ვართ ბედნიერი მათი მთავრობით და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა მათი მთავრობა ბლოკავდეს საკუთარი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას" - ამბობს გრეგოროვა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ ევროპარლამენტი "ფეიკის" მსხვერპლი გახდა, გრეგოროვა ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ფაქტები და მონაცემები და არა - ფეიკ ნიუსები.

"გარწმუნებთ, ჩვენი საფუძველი არ გამხდარა ფეიკ ნიუსები. ჩვენი საფუძველი გახდა ფაქტები და მონაცემები. ჩვენ ველაპარაკებით როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც აფასებენ მედიის თავისუფლებას და ობიექტურად ადევნებენ თვალს სხვადასხვა საქმეს"- ამბობს გრეგოროვა.

 

***

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. 

თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს. 

რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.


close დახურვა