logo
ENG



ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

23 ივნ 202215:03
3 წუთის საკითხავი
clock 1014

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოს შესახებაც და წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  იმუშაონ საქართველოსთვის იგივე სტატუსის მინიჭებაზე, რადგან საქართველომაც უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

" [ევროპული პარლამენტი] მოუწოდებს წევრ ქვეყნებს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, TEU-ის 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისად და იმუშაონ საქართველოსთვის იგივე სტატუსის მინიჭებისთვის; მიესალმება, ამასთან დაკავშირებით კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებებში მოცემულ რეკომენდაციებს"- წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში ასევე წერია, რომ თითოეული ქვეყნის პროგრესი გაწევრიანების გზაზე უნდა იყოს დამოკიდებული ამ ქვეყნების  პროგრესზე რეფორმების გატარებისას.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, განახორციელონ საჭირო რეფორმები, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; ამიტომ, მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინონ თავიანთი პოლიტიკური მონდომება არსებითი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ეფექტურად აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს".- ნახსენებია რეზოლუციაში. 

საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის გაცემასთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. ევროკავშირის სამიტი 23-24 ივნისს იმართება.


close დახურვა