logo
ENG



კობახიძე: რა სტანდარტითაც გინდათ მორგოშიას დასჯა, ოპოზიციის ნახევარი იქნება დასაჭერი

24 ივნ 202217:49
3 წუთის საკითხავი
clock 1547
კობახიძე: რა სტანდარტითაც გინდათ მორგოშიას დასჯა, ოპოზიციის ნახევარი იქნება დასაჭერი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არსებული სტანდარტით ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია დასაჭერი არაა. მისივე თქმით, 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დასაჭერები რომ იყვნენ, აქამდე დაიჭერდნენ.

"თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარი... აი, რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ?.. მე ამაში ვერც შევალ, რადგან ესაა სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიასა და მახარაძის დასჯაზე, გამოვა, რომ ოპოზიციიდან ნახევარი პოლიტიკური სპექტრი იქნება დასაჭერი.

რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე. აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტი დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, ჩემი აზრით. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა. სისხლის სამართალს აქვს თავისი სტანდარტი, უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს მიზეზობრივი კავშირი ძალადობასთან., მორგოშიას ფრაზა არსებობს, სადაც ის მოუწოდებს... არა, რისკენ?.. ახლა თქვენ უნდა დაიძრათ სირცხვილიას ოფისისკენ... ნიკა მელიამ, პირდაპირ მოუწოდა პარლამენტში შესვლისკენ. იქ საუბარი იყო, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო სირცხვილიას ოფისისკენ. ყოველგვარი მოწოდების გარეშე. ასეთი მილიონი მოწოდება არსებობს", - თქვა კობახიძემ.

გასული წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისის პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის ჩაშლა გადაწყვიტეს. ისინი თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებსა და ქუჩაში გამვლელებს. ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი და სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა. სწორედ იმ შენობაში სადაც სირცხვილიას ოფისი მდებარეობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ TV პირველის გადამღებ ჯგუფს. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოფისთან მისვლისკენ კი ხალხს, კოკა მორგოშიამ მოუწოდა. 

პოლიციამ აქციაში მონაწილე ათეულობით პირი დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ ორგანიზატორები, მათ შორის კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე, რომლებიც ძალადობრივ მოწოდებებს ავრცელებდნენ და ხალხის გადაადგილებას კურირებდნენ.


close დახურვა