logo
ENG


ომბუდსმენი გომელაურს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში ღონისძიებების უსაფრთხოება

27 ივნ 202219:59
3 წუთის საკითხავი
clock 354
ომბუდსმენი გომელაურს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში ღონისძიებების უსაფრთხოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება.

ომბუდსმენის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს ზურაბ მახარაძისა და ალტ-ინფოს სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

  • შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;
  • უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, თბილისი პრაიდის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;
  • თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;
  • ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება.

გუშინ, 26 ივნისს თბილისი პრაიდმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება. 

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

გასული წლის 5 ივლისს პრაიდის დასკვნითი ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დილიდან დაიკავეს. მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, ოპერატორებს, აქტივისტებსა და გამვლელებზე. სახელმწიფომ მოძალადეები არ შეაკავა და გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვა.


close დახურვა