აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ იკვლევენ ბათუმში შემოსული თურქეთის დროშის მქვეშ მცურავი გემის საქმეს, რომელიც რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული.
დეგნანის თქმით, ეს შემაშფოთებელი ფაქტია და აშშ სანქციების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მეთვალყურეობს.
ელჩი აცხადებს, რომ აშშ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან - საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან.
„ჩვენ ნამდვილად ვიკვლევთ ამ საკითხს. ეს ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ თვალს ვადევნებთ ამგვარ ქმედებებს ყველგან. ვმუშაობთ სახელმწიფო სამსახურებთან, მათ შორის საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, სამინისტროსთან...
ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებამ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმეთვალყურეობთ სანქციების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას და ასეც გავაგრძელებთ" - განაცხადა კელი დეგნანმა.
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.
რაც შეეხება ტვირთს, შემოსავლების სამსახურის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოსულიყო.
დროას ლიდერი საუბრობს სანქციებისთვის თავის არიდების მექანიზმზე და ამბობს, რომ ამ სქემის მიხედვით პორტში შემოსულ გემს უცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შემდეგ სანქცირებული ტვირთის სხვაგან წაღება მოხდეს.
ელენე ხოშტარია ეკონომიკის მინისტრის მიერ დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა. შემოსავლების სამსახურის 27 ივნისის განცხადებით, გემს პორტში შესვლის უფლება იმიტომ მიეცა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი სანქცირებული არ იყო.