logo
ENG



დიღმელაშვილი: დილით ადმინისტრაციასთან დავხვდებით მთავრობას და შევასმენთ ჩვენს ხმას

03 ივლ 202222:49
3 წუთის საკითხავი
clock 1298
დიღმელაშვილი: დილით ადმინისტრაციასთან დავხვდებით მთავრობას და შევასმენთ ჩვენს ხმას
ვახო ქარელი/ფორმულა

შინ ევროპისკენ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაათევენ, დილით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც მთავრობას "ხალხის ხმას შეასმენენ".

აქციაზე სიტყვით გამოვლისას დიღმელაშვილმა თქვა, რომ ადმინისტრაციასთან მჯდომარე პროტესტი იქნება.

"დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს (მთავრობის ადმინისტრაციას) და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით.

ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა, ჩვენ ეს საღამო შეგვიძლია გამოვიყენეთ ერთმანეთთან სასაუბაროდ. მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით - ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიყავს ქვეყანა რუსეთისკენ", - თქვა დიღმელაშვილმა.

მანამდე აქციის მონაწილეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისისკენ გადავიდა.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ისინი ხელისუფლებას ვადას დღეს ღამის 12 საათამდე აძლევენ.


close დახურვა