ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მიხეილ ყაველაშვილს მის წერილზე პასუხისას შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ კობახიძემ პოსტივის ეთერში ისაუბრა.
კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ დეპუტატის წერილი, რომელშიც ყაველაშვილი წერს, რომ კარგი იქნებოდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა", სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.
კობახიძის თქმით, ყაველაშვილი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი იყო და ელჩის მხრიდან ყაველაშვილის წერილზე პასუხის ფორმა და შინაარსი "სამწუხარო და დასანანია".
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყაველაშვილის მხრიდან ელჩისადმი წერილით მიმართვის ფორმის სისწორეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ყაველაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატია და მას კითხვების დასმის უფლება აქვს.
„აქ პასუხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, ესეც რაღაც უხერხულობას შეიცავს ჩემთვის, იმიტომ რომ მაინც მიწევს საჯარო პოლემიკაში შესვლა, მაგრამ მიშა ყაველაშვილი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრია წლების განმავლობაში, არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი და ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსიც, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ.
იმიტომ რომ, როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, აი ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა, ბუნებრივია, გაკრიტიკება, მაგრამ არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი.“ - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
ოცნების თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს არგუმენტირებულად აკრიტიკებენ და ეს, კობახიძის აზრით, დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ის ამბობს, რომ როცა ოცნების წევრებს "ევროპარლამენტარებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ" და ამ დროს ელჩი პარლამენტის წევრს "შეურაცხყოფას აყენებს", ეს პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვისაც შეურაცხმყოფელია.
კობახიძის თქმით, დეგნანის მხრიდან "შეურაცხყოფაზე" პასუხად, კოლეგლიალობიდან გამომდინარე ვალდებულია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
„ამაზე როცა გვეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე, რომელიც სიწმინდეა თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ კრიტიკა შეგიძლია ყველას მიმართ გამოიყენო - ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ასეთ დროს, როდესაც ერთი მხრივ შენ გეუბნებიან, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ეს პოზიცია დავაფიქსირო.” - თქვა მან.
იმავენაირად, კობახიძე აცხადებს, რომ დეგნანის მხრიდან ყაველაშვილისადმი ბრალდებებს თან უნდა ახლდეს არგუმენტებიც, რაც მისი თქმით, აშშ-ის ელჩს ყაველაშვილის წერილზე პასუხად არ გაუკეთებია და ყოფილ დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომენტარისა და წერილის შინაარსის განხილვას არ აპირებს, თუმცა ელჩის შეურაცხმყოფელი პასუხი მიხეილ ყაველაშვილს - "გამორჩეულად წესიერ, ღირსეულ და პატიოსან კაცს არ ეკუთვნის“.
ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, კელი დეგნანის ქმედება დიპლომატიური სტანდარტის დარღვევაა, რასაც, მისი აზრით, ყველა პარლამენტარისგან რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად, ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გავუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია. ასეთ კაცს ახლა შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა არის ისეთი რამე, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის მნიშვნელოვანი” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
***
ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".
როგორც ყაველაშვილმა წერილში აღნიშნა, "ვერავითარი რუსული რბილი ძალა ვერ შეარყევს საქართველოში აშშ-ის რეპუტაციას ისე, როგორც ელჩის განცხადებები თუ დუმილი", რომელიც მისივე თქმით, ხალხმა შეიძლება აღიქვას, როგორც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა.
ყაველაშვილი ამბობს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, "რატომ უწყობენ ხელს აშშ-ის დაფინანსებული თუ მათ მიერ მოწონებული NGO-ები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას". ამასთან, ყაველაშვილის თქმით, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნება ელჩი "შინ ევროპისკენ" აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებს აშშ აფინანსებს.
წერილზე პასუხად აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.