საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩაერია მოსამართლის დამოუკიდებლობაში, არ შეესაბამება სიმართლეს.
დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მუშაობს, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.
"ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე. წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა", - ამბობს ელჩი.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
მოგვიანებით, მოსამართლემ ფორმულასთან ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა აღნიშნულ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".