რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაში "ყველა მიმართულებით" მოქმედებები გააძლიეროს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ეს ბრძანება შოიგუმ სამხრეთის და ცენტრის სარდლობების შეხვედრაზე გასცა.
აქტივობის გაზრდის მიზეზად შოიგუს უწყებაში უკრაინისგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "დაცვას" ასახელებენ. კერძოდ, როგორც სამინისტროში ამბობენ, აქტივობის გაზრდა აუცილებელია, რათა "კიევის რეჟიმის მხრიდან დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დასახლებულ პუნქტებზე (მშვიდობიან მოსახლეობაზე) მასობრივი სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების პრევენცია მოხდეს".
შოიგუსთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამხრეთის და ცენტრის სარდლობების გენერალი სერგეი სუროვკინი და გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი, ასევე გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი სერგეი რუდსკოი, სამხედრო უწყების კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიქტორ გორემიკინი და სხვები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ვიდეოს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ხმა არ ჰქონდა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ათასობით ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ქალაქი სრულად განადგურდა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.