logo
ENG



პაპუაშვილი: სესიის არგახსნა არ ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს

20 ივლ 202219:44
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: სესიის არგახსნა არ ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს

შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესიის არაჩატარება არ ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს. მისი განცხადებით, მუშაობას აგრძელებენ როგორც დეპუტატები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. 

ის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "სრულიად გაუგებარია მისთვის და ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ მუშაობა ახლავე არ დაიწყო" ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12-პუნქტიანი დავალების შესასრულებლად. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამ შეფასებას "სამწუხაროს" უწოდებს. 

"სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას". - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

18 ივლისს ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე, რომლის ჩატარებაც ოპოზიციამ მოითხოვა და პრეზიდენტმა მოიწვია. მმართველი პარტიის წევრების აზრით, სესიების მიზანია "არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი"

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 


close დახურვა