პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისადმი შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის "უკადრის" საქციელს გმობს.
"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს"- წერს ზურაბიშვილი.
მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".
მომხდარის შემდეგ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კობახიძეს გამოექომაგა და მისი საქციელი გაამართლა.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა უფრო მწვავე შეურაცხყოფაც დაიმსახურა, რადგან თავად შეურაცხყოფა კობახიძე. მან ჟურნალისტებს "ფსკერი და კრემლის სასარგებლო იდიოტები" უწოდა.