ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაზე სოსო გოგაშვილის განცხადება სპეკულაციაა. მისივე თქმით, სახელმწიფო მაღალი სტანდარტით მოქმედებს და "ღელვის საფუძველი არაა".
"ჯერ ის მითხარით, რა ფიგურაა ასეთი ბატონი მუხთარლი, რომ თავი ისე წარმოუდგენია, რომ ამდაგვარ სტატუსს ანიჭებს თავს. ბატონ მუხთარლის გადაეცით, რომ სახელმწიფო მოქმედებს ზედმიწევნით, ისეთი მაღალი სტანდარტით, რომ არანაირი ღელვის საფუძველი არაა. მშვიდად იყოს. საქართველოში არ არსებობს არანაირი საფრთხე იმისა, რომ ვინმეს სადმე უკანონოდ გაუსწორდნენ. ასეთი სპეკულაციებისთვის დროს ნუ დახარჯავს.
სოსო გოგაშვილის ძალიან ბინძურ, ადამიანობისგან, მორალისგან, მათ შორის სინდისისგან დაცლილ ამდაგვარ სპეკულაციებს ჩვენს საზოგადოებაში არათუ ნულის ფასი [აქვს], არამედ კიდევ უფრო მეტად აჩვენებს ამორალურობის სახეს", - თქვა ღუდუშაურმა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ მორიგ განცხადებაში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მისივე თქმით, შემთხვევის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო".
აფგან მუხთარლი და მისი ადვოკატი გატაცების საქმეზე გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვენ.
