logo
ENG



კობახიძე: რუსეთთან სავიზო პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია

03 აგვ 202223:34
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: რუსეთთან სავიზო პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და შესაბამისად, არსებული პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია. 

კობახიძს თქმით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა.

"იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ომის შემდეგ, ომის გამო ამოქმედდა, უბრალოდ ირაციონალურია. წინა ხელისუფლებამ, ჩვენი ომის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე". - თქვა მან. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. 

კერძოდ, კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. ორგანიზაციის შეფასებით ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი შემცირდა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ნებისმიერ განცხადებას "ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინაიდან მას ომისკენ მოწოდებები ჰქონდა". 


close დახურვა