ევროკავშირმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის შვილს, ბიზნესმენ ალექსანდრ იანუკოვიჩს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათი სახელები ევროკავშირის ჟურნალში დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში უკვე შევიდა.
ყოფილი პრეზიდენტისა და მისი შვილის სანქცირების მიზეზად ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებას ასახელებს.
„უკრაინის სასამართლო ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში რუსეთის შეჭრისკენ მოწოდების გამო სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ მიიჩნევს. მისი გადადგომის შემდეგ, ის რუსეთში გადავიდა, საიდანაც გააგრძელა უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები“ - წერია სანქცირების გადაწყვეტილების განმარტების ნაწილში.
რაც შეეხება მის შვილს, ალექსანდრ იანუკოვიჩს, ის კორუფციის სიაში შეიყვანეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ის რუსეთის მიერ კონტროლირებულ დონბასის რეგიონში ქვანახშირის, ენერგიისა, მშენებლობის, საბანკო და უძრავი ქონების სექტორებში ბიზნეს საქმიანობას ეწევა.
იანუკოვიჩი და მისი ხელისუფლების წევრები ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში პირველად 2014 წელს რევოლუციის შემდეგ უკრაინაში ინიცირებული სისხლის სამართლის საფუძველზე მოხვდნენ.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. მან პოსტი მაიდნის საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. უკრაინის მოსახლეობამ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩმა უკრაინა-ევროპის ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა, რაც უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებდა და რუსეთისგან დააშორებდა.
2022 წლის მაისში კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ ხარკოვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და მისი დაკავების ნებართვა გასცა.
