logo
ENG



ერდოღანი ლვივში ჩავიდა და ზელენსკისა და გუტიერეშთან ერთად მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

18 აგვ 202218:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/18/zezz7fvi8vmaxdx.jpg

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი დელეგაცია უკრაინის ქალაქ ლვივში ჩავიდნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშიც.

გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა და მასთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„შეხვედრისას მოხდა ხედვების ორმხრივი გაცვლა რეგიონში არსებულ თავდაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ერდოღანის პირველი ვიზიტია. თურქეთის პრეზიდენტი ლვივში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.

უკრაინული მედიის ცნობით, გარდა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისა, ერდოღანმა ზელენსკისთან ასევე განიხილა თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა.

დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ლვივში ჩავიდა. თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანი გეგმავს, ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზოს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანი აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბროს. ამასთან, ის მზადაა, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა.

უკრაინის ქალაქ ლვივში დღეს, 18 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლვივში გუშინ, 17 აგვისტოს ჩავიდალვივის შემდეგ ანტონიო გუტიერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს. 


close დახურვა