logo
ENG



ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობაზე ქვეყნებს შორის მემორანდუმი დაიდო

18 აგვ 202220:21
3 წუთის საკითხავი
clock 341
2022/08/18/z0t7cqbehe09ee0.jpg

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი დაიდო, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. 

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თანდასწრებით მოაწერეს.

„თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი თურქი პარტნიორების მათი სურვილისთვის, რომ ითანამშრომლონ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქეთის ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კონკრეტულად ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების აშენებაში და ის ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ერთობლივი აღმშენებლობის პრაქტიკულ შედეგებს“ - განაცხადა კუბრაკოვმა.

უკრაინის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება და ბიზნეს სექტორი შექმნიან კონკრეტულ აღსადგენ პროექტებს და თურქეთის უკრაინას ასევე დაეხმარება კონსულტაციებითა და ტექნიკური დახმარებით.

პირველი პროექტის ფარგლებში კი კიევის რეგიონის სოფელ რომანოვკაში ის ხიდი აღდგება, რომელიც ბუჩასა და ირპენს დედაქალაქთან აკავშირებს. ეს ხიდი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში განადგურდა. ამ ხიდის განადგურებამ შეაჩერა აგრესორის შეტევები დედაქალაქზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, უახლოეს მომავალში, აღდგენის საკითხებზე უკრაინა-თურქეთის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა პროექტებისთვის თურქეთიდან ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

 

close დახურვა