logo
ENG



"აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის ტოტალური დაზიანება" - აცხადებს დაჭრილი 28 წლის პატიმრის დედა

20 აგვ 202217:32
3 წუთის საკითხავი
 

28 წლის პატიმარი, რომელიც სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, თავში იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს.

ოჯახის თქმით 28 წლის გურამ სვანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 კვირის წინ შეეფარდა და გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანიდან 1 დღის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის უკან, გლდანის ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა. შემთხვევა კი ამ დროს მოხდა.

ოჯახის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ პატიმარმა ცენტრიდან ციხეში გადაყვანისას ციხის ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს.

28 წლის კაცი ახლა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფება. ოჯახის თქმით, მას გამჭოლი ჭრილობა და ტვინის დაზიანება აქვს.

“ბოლოს გლდანის ციხეში იყო. შემდეგ გავიგე, რომ 2 კვირის მერე უკვე აღარ იყო კარგად. შემდეგ დაკვირვების ოთახში გადაიყვანეს და იქიდან ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. გადაწყვიტეს რომ 1 დღეში ბიჭი გამოკეთდებოდა და გადაწყვიტეს უკან, ციხეში გადაყვანა.

მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. ამბობენ, რომ იარაღი ბადრაგს წაართვა ხელიდან და ეგეც ძალიან მიკვირს, არ ვიცი რანაირად უნდა მომხდარიყო, რომ ბადრაგს წაართვას, თან წამლები თუ ჰქონდა დალეული მითუმეტეს, ალბათ მისუსტებული უნდა ყოფილიყო” – აცხადებს პატიმრის დედა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.


close დახურვა