logo
ENG



დეგნანი: აშშ სრულად ენდობა ISFED-ს, არჩევნებში დარღვევებზე პასუხისმგებელი ISFED არ არის

24 აგვ 202214:59
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა სამართლიან არჩევნებს (ISFED).

დეგნანის თქმით, ISFED-ს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფში. ამერიკის ელჩის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ითვალისწინებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები უნდა მონაწილეობდნენ რეფორმების შემუშავებაში.

ელჩმა დეგნანმა ასევე გაიხსენა, რომ 2020 და 2021 წლების არჩევნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბროდნენ. აშშ-ის ელჩის თქმით, ის ფაქტი, რომ საზოგადოებას ამ არჩევნების შედეგებისადმი ნდობა დაკარგული აქვს ISFED-ის პასუხისმგებლობა არაა.

„აშშ სრულად ენდობა ISFED-ს. ეს პატივსაცემი და დიდი გამოცდილების მქონე არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციაა. ISFED მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტის ახლანდელი სპიკერი იყო და რომელმაც შეიმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც შემდეგ პარლამენტმა მიიღო.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გადავიმეოროთ ის შეფასებები, რაც ეუთო/ ოდირის და საერთაშორისო და ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები 2020-2021 წლის არჩევნებზე. ყველა მათგანი საუბრობდა სერიოზულ დარღვევებზე: დაშინება, ამომრჩეველზე ზეწოლა, კარუსელი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სხვა იმ დარღვევებზე, რომლებსაც როგორც არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ასევე არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი. არცერთი შეფასებით ეს არჩევნები სრულად სამართლიანად არ გამოცხადებულა.

ამ დარღვევებზე პასუხისმგებელი ISFED არ ყოფილა. ვფიქრობ, ნათელია, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ იმ დარღვევებში, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში არჩევნების შედეგებისადმი ნდობის დაკარგვა.

რაც შეეხება იმ შეცდომას, რაც ამ ორგანიზაციას შედეგების გამოთვლაში ჰქონდა. როგორც კი აღმოაჩინეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, მათ მაშინვე შეატყობინეს საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაასაჯაროვეს.

ამიტომაცაა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით ISFED-ს, როგორც პროფესიონალ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციას. ისინი იყვნენ გამჭვირვალეები შეცდომასთან დაკავშირებით, მაშინვე, როგორც კი ეს შეცდომა გამოვლინდა. და ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ISFED-მა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, რომელიც არჩევნების დაკვირვებასა და გამართვაში გამოცდილება აქვთ, ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საარჩევნო რეფორმების სამუშაო ჯგუფებში. ეს ისაა, რისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა [საქართველოს] - ინკლუზიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნებოდა შესაძლებლობა წვლილი შეეტანა, საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში” - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

***

18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.

საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ყველა შესაბამის NGO-ს საშუალება უნდა მიეცეს, ჩაერთოს პროცესში". საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასებით კი, ISFED-ის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას. 


close დახურვა