აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 3 კრიტიკული ტელევიზიისადმი კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება, რაც მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებასაც მოიცავს, ჯანსაღი დემოკრატიის ძირეული პრინციპია და საქართველოს კონსტიტუციითაცაა დაცული.
დეგნანის შეფასებით კომკომ-ის გადაწყვეტილება, რაც შინ ევროპისკენ კლიპის გაშვების გამო მთავარი არხის დაჯარიმებისა და ფორმულასა და ტვ პირველის გაფრთხილებას ითვალისწინებს, "მოვლენათა სამწუხარო განვითარებაა" და სინამდვილეში სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხია.
„ეს მოვლენების ძალიან სამწუხარო განვითარებაა. ეს სინამდვილეში ეხება სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის ისეთი ხედვების, რაც ხელისუფლებას აკრიტიკებს. ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის ძირეული პრინციპია. განსაკუთრებით დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავზე, ვფიქრობ აღსანიშნავია, რომ ეს ის უფლებაა, რომელსაც ასევე იცავს საქართველოს კონსტიტუცია“ - განაცხადა კელი დეგნანმა.
***
კომუნიკაციების კომისიამ შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის ფორმულას და ტვ პირველს გაფრთხილება მისცა, მთავარი არხი კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა ოცნებამ შეიტანა.
კომისიამ ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა.
საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება.
ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს ფორმულას, ტვ პირველისა და მთავარი არხის ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.
ოცნების სარჩელს კრიტიკული მედიები სადამსჯელო ღონისძიებად მიიჩევენ და აღნიშნავენ, რომ "კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე".