აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას აშშ-მ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
ამის შესახებ თოდრიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, დევნილის სტატუსი 4-წლიანი პროცესის ბოლოს მიენიჭა.
თორდია ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აშშ-ისგან პოლიტიკურად დევნილის სტატუსის მიღება 2017 წელს, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმას უკავშირდება.
“სტატუსის მინიჭების პროცესი მიმდინარეობდა დაახლოებით 4 წელი, ცოტა მეტი. უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის თავდასხმას. გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ დამნაშავედ არ იქნა ცნობილი ოთარ ფარცხალაძე. მიესაჯა, ერთ-ერთ პირს, არა ოთარ ფარცხალაძეს 5000-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ და ოთარ ფარცხალაძე მთლიანად გამართლდა. ზუსტად ეს ფაქტები იყო წარდგენილი სასამართლოში, რაზეც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რომ მოენიჭებინა პოლიტიკური დევნილის სტატუსი“ -აცხადებს ლაშა თორდია ფორმულასთან ინტერვიუში.
ყოფილ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს დაესხნენ. თორდიამ თავდასხმაში ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა.
ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
2021 წელს შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია. თორდიამ ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.
"სახელმწიფომ, იმის გამო, რომ ჩემ საქმეს ვაკეთებდი, ხელი მკრა და გამრიყა. და კიდევ მებრძვის, სიბინძურეებს მივრცელებს. ახლა ფიზიკურად ვმუშაობ. დილით 6 საათზე ვიღვიძებ, გავდივარ, ვმუშაობ და მერე მოვდივარ სახლში". - აცხადებდა ის.