დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, სიცრუეა, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ Iran Air-ის თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადმოკვეთა, სანქცირებული არ არის.
კერძოდ, საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.
ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა კონკრეტული საბუთები, რომლებიც მისი თქმით, კიდევ უფრო ამყარებს ვერსიას, რომ, სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.
ის აცხადებს, რომ "ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება ქართულ საჰაერო სივრცეში არის როგორც უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერა"
"ოცნებამ განაცხადა, რომ კომპანია Iran Air არ არის სანქცირებული. წარმოვადგენ კონკრეტულ დოკუმენტს, გამოქვეყნებულს სანქციებთან დაკავშირებით, სადაც Iran Air არის სანქცირებული ავიაკომპანია. მეტიც, არსებობს დოკუმენტები, სადაც ლაპარაკია, რომ ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო.
ქართული ოცნება იტყუება, რომ თითქოს ICAO (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური პრობლემა. ICAO გასცემს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკური ხასიათის ნებართვებს, შეუძლია თუ არა თვითმფრინავს ფრენა და არანაირ კავშირში ტვირთთან ან ნებართვასთან ეს არ არის. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, გაატარებს თუ არა თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე.
რაშტის აეროპორტი არის სამხედრო ფუნქციის აეროპორტი. შესაბამისად, მოვითხოვთ პასუხს, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი.
საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელსაც შეუძლია, შეამოწმოს ტვირთის მოცულობა და წონა. კატეგორიულად მოვითხოვთ, გაუზიარონ საზოგადოებას, თუ რა მოცულობის ტვირთი იყო თვითმფრინავში.
ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება, რომელიც არ გაატარა აზერბაიჯანმა, ქართულ საჰაერო სივრცეში, რომელზეც ყოველდღიურად იწერება სტატიები, რომ ეს უკავშირდება დრონების და სამხედრო ტექნიკის გადაზიდვას, ეს არის კატასტროფული დარტყმა ჩვენი ინტერესებისთვის"- აცხადებს ხოშტარია.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გუშინ 8 სექტემბერს საკითხს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა".
სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რეისი "ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო".
სამინისტრო ამტკიცებს, რომ Iran Air-ი "არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით".