პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ისრაელის ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, იმიტომ რომ ის არ შეუშვა აზერბაიჯანმა, წავიდა მოსკოვში.
ხოშტარიას თქმით, კომპანია Iran Air-ი, რომელსაც ეკუთვნის თვითმფრინავი, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.
ხოშტარია ამბობს, რომ ეს "უკიდურესად საგანგაშო ინფორმაციაა საქართველოს მხრიდან რუსეთის სავარაუდო სამხედრო ხელშეწყობის შესახებ".
"ისრაელის ერთ-ერთი მედიასაშუალების, Terror Alarm-ის ინფორმაციით, 2022 წლის 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, იმიტომ რომ ის არ გაუშვა აზერბაიჯანმა კასპიის გზით, წავიდა მოსკოვში.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ირანი აწვდის დრონებს და სამხედრო ტექნიკას რუსეთს უკრაინაში გამოყენებისთვის და ფიქსირდება კონკრეტულ აპლიკაციებში არაერთი გადაზიდვა ირანის ტერიტორიიდან რუსეთში, სავარაუდოდ, დრონებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის. შესაბამისად, 4 სექტემბერს ქალაქ რაშტიდან, აეროპორტიდან, რომელსაც სამოქალაქო და სამხედრო სტატუსი აქვს, გამოფრინდა თვითმფრინავი და საქართველოს ტერიტორიის გავლით წავიდა მოსკოვში.
აბსოლუტურად გაუგებარი არის, რატომ დაუთმო საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე ამგვარი საფრთხის შემცველ თვითმფრინავს, მითუმეტეს, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა და რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ტექნიკის საქართველოს საჰაერო სივრცით გადატანასთან.
ამასთანავე, Iran Air-ი, კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ეს თვითმფრინავი, Boing 747 T-742 არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია, სწორედ სამხედრო ტვირთების გადაზიდვით. ანუ, ვითარებაში, როდესაც ირანი უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება რუსეთს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოდის თვითმფრინავი, რომლითაც ხდება სამხედრო ტვირთის გადაზიდვა, ის იწყებს მოძრაობას აეროდრომიდან, რომელსაც აქვს მათ შორის სამხედრო დანიშნულება და მიდის მოსკოვში. ეს არის უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია, არა ზოგადი პოლიტიკური ხელშეწყობის, არამედ საქართველოს მხრიდან რუსეთის სავარაუდო სამხედრო ხელშეწყობის შესახებ", - თქვა ხოშტარიამ.
საკითხს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა".
სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა აღნიშნა, რომ რეისი "ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო".
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ Iran Air-ი "არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით".
"ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით.
გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით", - თქვეს ეკონომიკის სამინისტროში.