სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანმა არტილერიით დაბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი. უწყებაში აცხადებენ, რომ "მტერი ასევე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატს".
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით "ფართომასშტაბიანი დივერსია" განახორციელა.
აზერბაიჯანული უწყება ირწმუნება, რომ "ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება".
11 სექტემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი პერიოდულად ისროდნენ ბასარგეჩარის და ლაჩინის რაიონში განთავსებული აზარბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით.
ამის საპასუხოდ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე დეზინფორმაციას ავრცელებს და მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ.