logo
ENG



რუსეთის განცხადებით, მისი შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტა გაფორმდა

13 სექ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/wfstmw0c97b39r3.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებს ეხმაურება

რუსთმა განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო. 

 რუსეთმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, "თავი შეიკავონ ვითარების სამომავლო ესკალაციისგან, გამოავლინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთებული სამმხრივი განცხადებების საფუძველზე". 

"ბაქოსთან და ერევანთან მჭიდრო კონტაქტში ვართ. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში დახმარების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვის დროით 13 სექტემბრის 9:00 საათიდან სრულად დაცული იქნება.

კვლავ ამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადაო საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნა მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით, კერძოდ, სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსეთთან კონსულტაციის დახმარებით". - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ის ცნობით, 9 საათზე მიღწეული შეთანხმება სომხეთის მხრიდან 09:15-ზე ისევ დაირღვა, თუმცა, ამ დროისთვის ის კვლავ აღდგენილია. 

***

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.


close დახურვა