logo
ENG



შსს ადასტურებს, რომ ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალი

20 სექ 202220:02
3 წუთის საკითხავი
clock 1235
2022/09/20/l3ckzhvi4rcyvl2.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში. 

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

თავდამსხმელმა მოთხოვნები ერთ-ერთი მძევლის ტელეფონით, ფეისბუქ ლაივით გაახმოვანა.

მას უნდოდა:

$2 მილიონი, ვერტმფრენი, სპრინტერი - "მარშრუტკა", ანკესი და რუსეთის დროშა.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავის სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული. ამას ის თავად ამბობდა, ასევე, მიუთითებდა კედელზე მიმაგრებულ ასაფეთქებლებზე

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მას ხელზე წებოვანი ლენტით ასაფეთქებლის პულტი ჰქონდა მიმაგრებული, რაც 2 რამეზე მიანიშნებს: 

  • მან იცოდა, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელდებოდა და პულტს მიმაგრების გარეშე დიდხანს ვერ დაარეგულირებდა;
  • ასევე, იოდა ასაფეთქებელთან მოქცევის წესები. 

​კადრებში ასევე ჩანდა სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიმაგრებული ფერადი სადენები. ეს კომერციული დანიშნულების სადენებია, რომლებსაც არ იყენებენ სამხედროები - მას იყენებენ კერძო პირები მაგალითად გვირაბების ან გზების მშენებლობის დროს ასაფეთქებლად. 

თავდამსხმელს ეცვა სამხედრო ფორმა, ეკეთა შავი ნიღაბი და ეცვა ჟილეტი, რომელიც არ არის ტყვიაგაუმტარი. 

ფეისბუქლაივში გამოჩნდა ხელყუმბარა.


close დახურვა