logo
ENG



სალივანი: "რეფერენდუმები" იქნება სრული მანიპულაცია, ეს სცენარი რუსეთს ძვირი დაუჯდება

20 სექ 202222:48
3 წუთის საკითხავი
clock 711
2022/09/20/hl0d8djr9na5g8d.jpeg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და ამ სცენარის განხორციელება რუსეთს ძვირი დაუჯდება.

"როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით, რუსეთი, როგორც ჩანს, მის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ახლა არც კი აკონტროლებს, რაც პირდაპირ აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს.

ეს "რეფერენდუმები" იქნება სრული მანიპულაცია და რუსეთი მას ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს. მკაფიოდ ვიტყვი, თუ ეს ქმედება განხორციელდება, აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლების ანექსიასაც ის შეეცდება. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, გარდა როგორც უკრაინის ტერიტორიებისა", - ამბობს სალივანი.

სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რეფერენდუმები" არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან: "სულ პირიქით, ეს არის წარუმატებელი ქვეყნის ქმედება, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით".

***

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, დენის პუშლინმა დღეს, 20 სექტემბერს გააკეთეს

საკითხს უკრაინული მხარე გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ყალბი რეფერენდუმები და ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.


close დახურვა