logo
ENG



პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა

21 სექ 202210:16
3 წუთის საკითხავი
 
© РИА Новости

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულება უკვე გაფორმებულია და რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება. 

სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

"ვიმეორებ, საუბარია მხოლოდ ნაწილობრივ მობილიზაციაზე, ანუ გაწვევას ექვემდებარება მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება."- ამბობს პუტინი.

თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ "დასავლეთის მიზანია რუსეთის დასუსტება, დაყოფა და განადგურება".

"ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ 1991 წელს შეძლეს სსრკ-ს დაშლა, ახლა კი დადგა დრო, რომ თავად რუსეთის ფედერაცია დაიშალოს ბევრ მეომარ რეგიონად."- განაცხადა პუტინმა. 

მან მსგავს ზომებს "აუცილებელი გადაუდებელი ნაბიჯები რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად" უწოდა.

"ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინადადებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსეთის ფედერაციაში."- აცხადებს პუტინი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი სასჯელის გამკაცრების შესახებ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა დეზერტირობა, სამხედრო ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა, თუ ისინი ჩადენილია სამხედრო მობილიზაციის ან საბრძოლო სიტუაციების დროს.

კანონპროექტის ასლის მიხედვით, ნებაყოფლობითი ჩაბარება რუს სამხედრო მოსამსახურეებს დანაშაულად ჩაეთვლებათ და ისჯება 10 წლით თავისუფლების აღკვეთით.

დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთთან შეერთების საკითხზე კენჭისყრა 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, ამის შესახებ განცხადებას ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლება და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი, დენის პუშლინი აკეთებენ. 

ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმი" ასევე 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა რეგიონის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა", ვლადიმერ სალდომ. მან მოსახლეობას მოუწოდა "გამოიჩინონ სამოქალაქო ცნობიერება და გააკეთონ ისტორიული არჩევანი."

თავდაპირველად კრემლი 11 სექტემბერს უკრაინის რამდენიმე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" გამართვას გეგმავდა: დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გარდა, ხერსონსა და ზაპოროჟიეშიც იყო დაგეგმილი. თუმცა, ფრონტზე არსებული მდგომარეობისა და რუსული ჯარების კონტრშეტევის გამო, ეს იდეა ვერ განხორციელდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ ეს "რეფერენდუმები" იქნება სრული მანიპულაცია და რუსეთი მას ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს. მკაფიოდ ვიტყვი, თუ ეს ქმედება განხორციელდება, აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლების ანექსიასაც ის შეეცდება. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, გარდა როგორც უკრაინის ტერიტორიებისა."

სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რეფერენდუმები" არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან: "სულ პირიქით, ეს არის წარუმატებელი ქვეყნის ქმედება, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სეპარატისტებისა და საოკუპაციო ადმინისტრაციების გეგმებზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ქმედებები კიევისთვის არაფერს შეცვლის.


close დახურვა