დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი აცხადებს, რომ ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი პირობა დაარღვია და მოსახლეობის ნაწილის სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი უკრაინასთან ომში მარცხდება, რუსეთი კი "გლობალურად გარიყული" ხდება.
უოლასის თქმით, პუტინმა და შოიგუმ ცუდი აღჭურვილობითა და არაეფექტური სარდლობით რუსეთის უამრავი მოქალაქე სიკვდილისთვის გაწირეს.
"პრეზიდენტი პუტინის მხრიდან საკუთარი პირობების დარღვევა, რომ მოსახლეობის ნაწილებს არ მოაბილიზებდა და უკრაინის ნაწილების არასამართლებრივ ანექსიას არ მოახდენდა, იმის აღიარებაა, რომ მისი შეჭრა მარცხს განიცდის.
მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათობით ათასი საკუთარი მოქალაქე, ვინც ცუდად იყო შეიარაღებული და ვისაც ცუდად ხელმძღვანელობდნენ სიკვდილთან გაუშვეს. ვერანაირი შანტაჟი და პროპაგანდა ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა ამ ომს იგებს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული“ - აცხადებს ბენ უოლასი.
დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.
„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.