logo
ENG



ლატვია აცხადებს, რომ არ შეიფარებს რუსეთის არცერთ მოქალაქეს, ვინც მობილიზაციას გაექცევა

21 სექ 202213:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/vgz868l3i5l9kmu.jpg
Ints Kalnins / REUTERS

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი და რუსეთის მეზობელი ლატვია არ შეიფარებს რუსეთის არცერთ მოქალაქეს, ვინც ქვეყნიდან სამხედრო მობილიზაციას გაექცევა.

რინკევიჩის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს არ მისცემენ და არც 19 სექტემბერს ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები შეიცვლება. 

"უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც ეცდება, მობილიზაციას თავი აარიდოს. ასევე არ შევცვლით 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს“ - აცხადებს რინკევიჩი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს,  როგორც ევროპისთვის ისე მსოფლიო წესრიგისთვის ამიტომ უკრაინას მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ.

რინკევიჩის თქმით, ლატვია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს და რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე ერთიანი ქმედებით უპასუხებენ.

„საჭიროა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება და რეგიონში დამატებითი უსაფრთხოების ზომები განვიხილოთ. სამხედრო საფრთხე ლატვიისთვის კვლავ დაბალია.“ - განაცხადა რინკევიჩმა.

დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

 

close დახურვა