logo
ENG


მელიას განცხადებას კეზერაშვილზე ენმ-ის წევრები აკრიტიკებენ

22 სექ 202214:46
3 წუთის საკითხავი
clock 557

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას "ფორმულას" დამფუძნებლისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ, პარტიის სხვა წევრები არ ეთანხმებიან. ლევან ხაბეიშვილის, დავით კირკიტაძის და გიორგი ბოტკოველის კრიტიკა მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვის გულისხმობს "მოოლიგარქო ტიპაჟებში" მელია, ვისზეც ის Facebook პოსტებში წერდა, ენმ-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მისი განცხადებები დავით კეზერაშვილს მიემართება.

"კეზერაშვილს რაც შეეხება, მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი, შარშან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. მე მას არ ვიცნობდი, ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო. გასაგები იყო ის რაც ვთქვი და გასაგები გახდა ის რაც ვთქვი შემდგომში. ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ უნდა დავრწმუნდე, რომ ის გულწრფელად მოწადინებულია დაამარცხოს რეჟიმი. მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არ მაქვს და მიმაჩნია, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის."- განაცხადა მელიამ. 

პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია ის რიტორიკა, რომელიც შეარჩია მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარემ. ასევე გაუგებარია, თუ რატომ ცვლის მელია ასე ხშირად ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის წუხს ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

"გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო და ვფიქრობ იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც საკუთარი თანაგუნდელები, მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს აარის ბიძინა ივანიშვილი. როცა კონკრეტულად კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად ეს ადამიანიც არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავი თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ და ასევე ევროპულ რეზოლუციაშიც სადაც ასევე არის მითითებული, რომ ის პოლიტიკური დევნილია."- ამბობს ხაბეიშვილი.

მელიას განცხადებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველიც.

"ამ ქვეყანაში ვიცი ერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც როგორც ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, ისე ამ ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ... კეზერაშვილზე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, თქვენ და თქვენი ტელევიზია, და ის მაგარი გუნდი, რომელიც მართლა რეალურად იბრძვის ამ ქვეყანაში, სწორედ იმ ოლიგარქიის წინააღმდეგ, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ადამიანი არის ამ ტელევიზიის დამფუძნებელი. სწორედ ამიტომ მე ნებისმიერ ადამიანთან ვითანამშრომლებ, ნებისმიერ ადამიანთან ვიმეგობრებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული."- განაცხადა ბოტკოველმა. 

ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, დავით კირკიტაძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი მთავარი პრობლემაა და სხვა საკითხებზე ენერგიის ხარჯვა "არ არის სწორი."

"უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია მთელი ჩვენი და არამხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, ოლიგარქი, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და რომელსაც ხელთუპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე ჩემი აზრით,  არ არის სწორი. "- თქვა კირკიტაძემ.  


close დახურვა