logo
ENG



"არა საფლავიზაციას" - რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქციები დაანონსდა

22 სექ 202219:06
3 წუთის საკითხავი
clock 443
2022/09/22/brf5dwegs3ezz1x.png

რუსეთში, 24 სექტემბერს სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი აქციები დაანონსდა. აქციის ორგანიზატორია ადგილობრივი მოძრაობა ვესნა [გაზაფხული]. მიტინგი რუსეთში ლოზუნგით "არა საფლავიზაციას" ჩატარდება.

როგორც მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, აქციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში რუსეთის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

"უკვე ძალიან მალე ათასობით ჩვენი თანამემამულე, შესაძლოა, ფრონტზე გაემგზავროს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გამოვიდეთ ამის წინააღმდეგ! აქციის საბოლოო მიზანი არა პროტესტია პროტესტისთვის, არამედ პუტინის დამნაშავე რეჟიმის დამარცხებაა. ეს პროტესტი მილიონობით ჩვენი თანამემამულის ინტერესებშია. განსაკუთრებით ქალების, რომელთა მამების, ქმრების, შვილების და ძმების გამოყენება უნდა ამ რეჟიმს, როგორც საზარბაზნე ხორცი. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვსურს პროტესტი რეჟიმის დაცემით დავასრულოთ, მომიტინგეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. უნდა გამოვიყვანოთ უფრო და უფრო მეტი ადამიანი. სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა", - წერია განცხადებაში.

მოძრაობაში ამბობენ, რომ ქალაქებს და აქციების ჩატარების ლოკაციებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ. აქტივისტები მოქალაქეებს ასევე რჩევებს აძლევენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიტინგზე, რომ არ დააკავონ.

"ვიყოთ ხმაურიანები და თვალშისაცემები! პროტესტი უნდა ნახოს და მის შესახებ გაიგონ გარშემომყოფებმა: მოიტანეთ პლაკატები (გახსოვდეთ რისკების შესახებ, შეარჩიეთ ისეთი ლოზუნგები, რომლებიც არაა აკრძალული), იყვირეთ, არ იყოთ ჩუმად - ერთ ადგილას. არ გაატანოთ მომიტინგეები პოლიციას. გაუწიეთ პოლიციას წინააღმდეგობა, თუმცა არ იძალადოთ მათზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთმანეთი. ეცადოთ არ გამოეყოთ მასას", - წერენ აქტივისტები.

გუშინ, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?


close დახურვა