რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Novaya Gazeta.Europe რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.
გუშინ, 21 სექტემბერს გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტში მეშვიდე პუნქტის ქვეშ წერია "ოფიციალური გამოყენებისთვის". მოგვიანებით, პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული პუნქტი მოიცავს ინფორმაციას იმ რეზერვისტების რაოდენობაზე, ვინც სამხედრო სამსახურში შესაძლოა გაიწვიონ.
„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ სერგეი შოიგუმ ინტერვიუში განაცხადა: 300 ათასი ადამიანი. აქ ჩვენ 300 000-მდე ადამიანზე ვსაუბრობთ“ - განაცხადა პესკოვმა.
Novaya Gazeta. Europe-ს წყარო უყვება, რომ თავდაპირველად განკარგულების მთლიანი ტექსტის გამოქვეყნება სათაურით - "ოფიციალური გამოყენებისთვის" ქვეშ განიხილებოდა. წყარო ამბობს, რომ ამ იდეას მხარს უჭერდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მხოლოდ მეშვიდე პუნქტის დამალვა გადაწყდა, რომელიც იმ ადამიანების საერთო რიცხვს ასახავს, ვისი მობილიზაციაც შესაძლოა მოხდეს.
„რიცხვი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ ისინი 1 მილიონზე შეთანხმდნენ“ - აცხადებს წყარო მედიასთან.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით Novaya Gazeta. Europe რუსეთის აღმასრულებელ ორგანოებს დაუკავშირდა, ვინც, როგორც წესი პრეზიდენტის, მათ შორის გასაიდუმლოებული განკარგულებების სრულ ტექსტს იღებენ.
გამოცემა აცხადებს, რომ რამდენიმე სამინისტროში მათი წყაროების ცნობით, ამ განკარგულების ტექსტი სრული სახით არ მიუღიათ და უწყებათაშორისი დოკუმენტების მართვის სისტემაში (МЭДО) სამხედრო მობილიზაციის შესახებ ფაილის სრული ვერსიის ნახვა შეუძლებელია.
„МЭДО-ზე შესვლისას, მეც იმავე ტექსტს ვხედავ, რასაც ყველა სხვა: მეშვიდე პუნქტი დაფარულია“ - აცხადებს ერთ-ერთი სამინისტროს წარმომადგენელი.
Novaya Gazeta აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, იარლიყით "ოფიციალური გამოყენებისთვის" უმაღლეს დონეზე კატეგორიზებული დოკუმენტებია მონიშნული. იმ ფაილებისგან განსხვავებით, რომლებიც "საიდუმლო" ან "უმაღლესი დონის საიდუმლო" კატეგორიაში შედიან, ამ კატეგორიის ინფორმაციის გამჟღავნებისთვის მხოლოდ დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
მედიის ცნობით, რუსეთში სამხედრო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ პირველად გამოცხადდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის სულ მცირე 4 რეგიონის სამხედრო კომისრებმა მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც იმ მოქალაქეებს, ვინც სამხედრო გაწვევის პირობებს აკმაყოფილებს, ეკრძალებათ ქალაქის დატოვება.
Novaya Gazeta ცნობით, გუშინ სამხედრო მობილიზაციაზე პასუხად რუსეთის რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 1 386 ადამიანი დააკავა.
***
გუშინ, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.
„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.
რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?