logo
ENG



FSB ლარსზე ჯავშანტრანსპორტის გამოჩენას ადასტურებს, საგუშაგოს მოწყობას - უარყოფს

26 სექ 202215:56
3 წუთის საკითხავი
clock 958
2022/09/26/ggcnrczwkv0whtj.jpg

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ჯავშანტექნიკის გამოჩენა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მათივე თქმით, ჯავშანტრანსპორტი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ.

"ჯავშანტრანსპორტიორი იმ ადგილისკენ მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს გასამართად, უხეშად რომ ვთქვათ, ის დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი ახალი გამშვები პუნქტის გამართვა არ იგეგმება", - აცხადებენ FSB-ში.

უწყებაში ამბობენ, რომ საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

ცოტა ხნის წინ, ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროებისა და ჯავშანტრანსპორტის გადაადგილება ჩანს.

***

უკვე მეექვსე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან. 

დღეს, 26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.

 


close დახურვა