logo
ENG



ბელორუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 

28 სექ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/wcfdjx2u0dlvz74.png

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ორგანიზებული აქცია, "აფხაზეთი საქართველოა, ლუკაშენკო - ყ*ე!", ბელორუსის საელჩოსთან დაიწყო. 

"ლუკაშენკო- პუტინის ძაღლი ჩავიდა სოხუმში და ამით მან აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აღიარა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ამაზე ჩვენი ქვეყნის პასუხი არის ის, რომ უბრალოდ ელჩი დაიბარეს, დატუქსეს, შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობა შევწყვიტოთ ბელორუსთან იმიტომ, რომ ის არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აფხაზეთში ჩასულ ადამიანს თუ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ ვუშვებთ, აფხაზეთში ჩასული პრეზიდენტის ქვეყნის ელჩიც არ გვჭირდება თბილისში. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და თუ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ფეხებზე კიდიათ, ფეხებზე კიდიათ აფხაზეთის დაბრუნება და ამ ქვეყნის გამთლიანება."- ამბობს "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ყურუა.

ბელორუსის საელჩოსთან აქციის მონაწილეებმა პუტინისა და ლუკაშენკოს ფოტოები დაწვეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.


close დახურვა