logo
ENG



შსს: ბოლო 2 დღეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 15 751-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

30 სექ 202213:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/4m2174bc8z5txbv.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალში" მგზავრთა ნაკადი, ასევე საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

უწყება აქვეყნებს სტატისტიკას, ბოლო 2 დღის განმავლობაში, 28 და 29 სექტემბერს რამდენმა გადმოკვეთა და გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი.

საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:

  • 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე - გადმოკვეთა 9 642-მა და გადაკვეთა 5 448-მა მოქალაქემ
  • 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე - გადმოკვეთა 6 109-მა და გადაკვეთა 5 186-მა მოქალაქემ

"საზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა", - აცხადებენ შსს-ში.

27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, ბოლო 10 დღის განმავლობაში რამდენმა რუსმა გადმოკვეთა და გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი. ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საზღვარი გადაკვეთა 62 120-მა ადამიანმა.

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.

26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.


close დახურვა