
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ეხვეწება, რომ მესამე მსოფლიო ომი დააჩქაროს.
"ჩვენთან ზეიმია, მათთან: მძიმე ნარკოტიკები, დემენცია, ცინიზმი. ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს, შესანიშნავი იდეაა. უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ბიჭი აშკარად გაგიჟდა.
ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ახალი ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას არ აღიარებს. უცნაურიც კია, რომ გაგვახსენდა. თუმცა, სირცხვილია. ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ კარგი ადგილი რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებში ამერიკის საკონსულოს გასახსნელად," - თქვა მედვედევმა.
მედვედევი ასევე გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ომს შეწყვეტს, როგორც სახელმწიფო გაქრება.
"რა ცინიკური ბიჭია [სტოლტენბერგი] - ბოლოს და ბოლოს, თუ არ გაჩერდება, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება," - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.
"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი გუშინ, 30 სექტემბერს მოაწერეს.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს.