რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი დატოვეს.
რუსეთის თქმით, სამხედროების გადაჯგუფება ალყის გამო მოხდა და რუსულმა ძალებმა "უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს".
„ალყის საფრთხის გამო მოკავშირეთა ჯარები გამოვიდნენ კრასნი ლიმანიდან და უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს
მიუხედავად მტრის (უკრაინის) დანაკარგებისა და მათზე მნიშვნელოვანი უპირატესობისა როგორც ძალების ასევე შეიარაღების კუთხით, მტერმა შემოიყვანა რეზერვები და შეტევა ამ მიმართულებით გააგრძელა“ - აცხადებს რუსეთის თავდაცვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა, სერჰიი ჩერევბატმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის რეგიონის ქალაქ ლიმანში შევიდნენ და ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობდა.
„ჩვენ უკვე ლიმანში ვართ, მაგრამ შეტაკებები გრძელდება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ - განაცხადა ჩერევატმა.
დღეს 1-ლ ოქტომბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაის განცახადა, რომ ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.
29 სექტემბერს ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და საგრძნობ შედეგებს აღწევს.
უკრაინის ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს დაეცა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.
რუსეთი ლიმანს იყენებდა როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.
უკრაინის აღმოსავლეთის ჯგუფის ძალების სპიკერის, სერჰიი ჩერევატის ცნობით, მანამდე უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 1-ლ ოქტომბერს უკრაინელები სტავკიში შევიდნენ, სოფელში, რომელიც ლიმანის მეზობლად მდებარეობს.
უკრაინის ჯარი აცხადებს, რომ ლიმანის დაკავება კიევს მისცემს შესაძლებლობას ლუჰანსკის რეგიონში დაწინაურდეს. ლუჰანსკის სრულად დაკავება კი მოსკოვმა ივლისის დასაწყისში, რამდენიმე წარმატების შემდეგ გამოაცხადა.
„ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომდევნო ნაბიჯია უკრაინის დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს არის შესაძლებლობა, რომ უფრო ღრმად შევიჭრათ კრემინასა და სევეროდონეცკში და ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია“ -განაცხადა ჩერევატმა.
აშშ-ის ვეტერანი გენერალი ევროპაში, ბენ ჰოჯესი კი აცხადებს, რომ რუსეთის დამარცხება ლიმანში პუტინის მხრიდან 4 რეგიონის ანექსიის დამტკიცების შემდეგ რუსეთის ლიდერისთვის "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო სირცხვილი იქნება".