logo
ENG



ავიძბა: საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს, ესმით, რომ დაწყების შემთხვევაში, შეიცვლებიან

03 ოქტ 202220:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/fmxbfwrpktp9y36.jpg

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონ პიატნაშკას მეთაური ახრა ავიძბა ამბობს, რომ "დასავლელი კურატორები" ოფიციალურ თბილისზე ზეგავლენას ახდენენ, რათა საქართველო ომში ჩაითრიონ, თუმცა ავიძბას თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას ომი არ სურს.

"საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ უნდა ომი. ისინი ხვდებიან: თუ ომი დაიწყება, შეიცვლებიან. ოპოზიციას უნდა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას, რომ ამ ტალღის ფონზე თავს დაგვესხან", - თქვა მან ოკუპირებულ სოხუმში გამართული პრესკონფერენციის დროს.

ავიძბა ამბობს, რომ საქართველოს 2008 წელს "ატენიდნენ იარაღს, რომელმაც შემდგომ გაისროლა". მისი აზრით, "საქართველო ომისთვის ემზადება".

"დღეს მათთან იარაღი მიდის გემებით თურქეთიდან. ორჯერ ჩატარდა სწავლება, ამ მიზეზით შეჰქონდათ მათთან იარაღი და იქიდან აღარაფერი გამოუტანიათ. დღეს მათთან ძალების მობილიზება ხდება... საქართველო ემზადება ომისთვის. რაც არ უნდა მოიფიქრონ, ჩვენ მისთვის [ომისთვის] უნდა მოვემზადოთ. მეორე შვილი მყავს ქართველი ქალისგან. ერის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. მათთან ერთად, სოჭში გავიზარდე. სპორტდარბაზში ჩემთან 90% ქართველია. მაგრამ მათ აზროვნებასა და მათი სახელმწიფოს აზროვნებას შორის სხვაობაა. ყველაზე ნაციონალისტური ერები პოსტსაბჭოთა სივრცეში - უკრაინა და საქართველო არიან", - განაცხადა ავიძბამ.

ვინ არის ახრა ავიძბა

პიატნაშკას მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში 29 სექტემბერს დაბრუნდა. როგორც მაშინ ის ინტერვიუში ამბობდა, მისი დაბრუნება "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" უკავშირდებოდა. მასთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში პიატნაშკას სხვა მებრძოლებიც დაბრუნდნენ. ახრა ავიძბა ოკუპირებულ დონბასში 2014 წლიდან სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობს. 2021 წლის იანვარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნაში გამოაცხადა. მიზეზი ავიძბას მიერ დონბასში შეიარაღებული ფორმირების - პიატნაშკას დაფუძნება იყო.

2020 წელს ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "თანაშემწედ" დანიშნეს, თუმცა რამდენიმე თვეში მან "თანამდებობა" დატოვა. 2021 წლის 4 მარტს ავიძბა თანამოაზრეებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს. მას "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას" ედავებოდნენ. მოგვიანებით მას პირობითი პატიმრობა შეუფარდეს და ე.წ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 


close დახურვა