ხარაგაულის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ. ის საკრებულოს მაღალჩინოსნისთვის სოციალური შემწეობის გაცემას აპროტესტებდა, როდესაც ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. ისინი ხაბეიშვილის გაძევებას ცდილობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ენმ-ს წევრი მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ორგანიზებული თავდასხმა მასზე.
"სოციალურად დაუცველებს ლუკმას არ აძლევენ, 5 000 კაცი მომლოდინეა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს აძლევენ ამ დახმარებას და ესენი ჩხუბობენ კიდევ. ფიზიკურად მზად არიან შეჭამონ ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ წავა. მათი ამოცანაა დაპირისპირება, ჩხუბი. ივანიშვილი ყოფს საზოგადოებას და ხლეჩს, ეს არის მისი მთავარი კოზირი"- თქვა ხაბეიშვილმა.
2 დღის წინ, ენმ-ს წევრმა ხარაგაულში ინფორმაცია მოითხოვა სოციალური დახმარების მიმღებთა სიის შესახებ, რის შემდეგადაც ის დარბაზიდან გააძევეს. ამის შემდეგ კი იქვე გაირკვა, რომ შემწეობას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იღებს.