logo
ENG



ბათუმში მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულია ერთი მოზარდი

07 ოქტ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ერთმანეთს მე-12 კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ - დაშავდა ერთი მოზარდი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შელაპარაკება სკოლაში დაიწყო და გაკვეთილების დასრულების შემდეგ გაგრძელდა.

პირველადი ინფორმაციით, კლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს.

როგორც დაშავებულის მშობელი ამბობს, მის შვილს სერიოზული დაზიანებები აქვს და მოზარდის თბილისში გადაყვანას გეგმავს.

"გაიყვანეს ბავშვი გარეთ, დახვდა 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამი ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, არავის ყურადღება არ მიუქცევია. ყბა მოტეხილი აქვს, ტვინის შერყევით, ცხვირი გატეხილი აქვს, მიმყავს რეანომობილით თბილისში დღეს"- ამბობს დაშავებულის მშობელი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაპირისპირება გაკვეთილების შემდეგ მოხდა და მანდატურებმა ფაქტის გაგებისთანავე შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს.

"კონფლიქტი არ შემინიშნავს. ისეთი დაძაბული ურთიერთობა ამ ბავშვებს არ აქვთ. ინციდენტი მოხდა გაკვეთილების შემდეგ. როგორც კი მაცნობეს და გავიგე ამის შესახებ, მაშინვე დავურეკე დედას, მანდატურებმა ამის შესახებ უკვე იცოდნენ და შესაბამისი ღონისძიებაც უკვე გატარებული იყო"- ამბობს ის.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე მოსწავლეები და მათი მშობლები.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა