logo
ENG



კირბი: აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს

11 ოქტ 202223:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/jlbujoqi1hgus8g.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს.

მან ზუსტი თარიღები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ “უდავოდ დაინტერესებულია” სისტემების მიწოდების დაჩქარებაში.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ორი [NASAM] უახლოეს მომავალში ჩავა უკრაინაში. რა თქმა უნდა, უდავოდ დაინტერესებული ვართ, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა კირბიმ.

გუშინ, 10 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და 10 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო.

***

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში გუშინ, 10 ოქტომბერს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა.


close დახურვა