logo
ENG



ქართველი ალპინისტების ჯგუფს მთამსვლელობაში უმაღლესი ჯილდო - ოქროს წერაყინი გადაეცა

16 ოქტ 202216:07
3 წუთის საკითხავი
clock 1621

2022 წელს მთამსვლელობაში უმაღლესი ჯილდო - ოქროს წერაყინი (Piolet d'Or) ქართველ ალპინისტების ჯგუფს გადაეცა.

არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველები იყვნენ, ვინც 2021 წელს პაკისტანში მდებარე სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე ავიდნენ, ჯილდო სწორედ ამ მიღწევისთვის მიიღეს. 

2022 წელს ჟიურიმ 2021 წლის მიღწევებისთვის ოქროს წერაყინი 2022-ის 2 გამარჯვებული ჯგუფი გამოავლინა, ერთს კი ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.

ჯილდოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ სარაგრარის მასივს, რომელიც პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს რამდენიმე მწვერვალი აქვს. სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 7 300 მეტრია, ამ დრომდე არავინ ასულა. 

მწვერვალზე ასვლის ბოლო მცდელობისას, 80-იან წლებში ესპანელმა ალპინისტებმა 7 150 მეტრამდე მიაღწიეს ჩრდილო-დასავლეთის ქედზე და ამ წერტილს სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ 2 დაარქვეს.

სამმა ქართველმა ალპინისტმა არჩილ ბადრიაშვილმა, ბაქარ გელაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ აქამდე დაულაშქრავი გზით აირჩიეს მწვერვალამდე მისვლა და გახდნენ პირველები, ვინც მწვერვალზე ავიდნენ. მათ მწვერვალის დასალაშქრად სექტემბერი აირჩიეს, რაც ჩვეულებრივზე უფრო გვიანი პერიოდია - დღე შედარებით მოკლეა, ცივა და ხშირია ქვათაცვენა.

ოქროს წერაყინის ჟიურის ცნობით, მთამსვლელები თავდაპირველად როშ გოლში დაახლოებით 4 200 მეტრზე დაბანაკდნენ. მცირეხნიანი აკლიმატიზაციის შემდეგ კი სამხრეთის მხრიდან დაიწყეს მწვერვალზე ასვლა, შემდეგ ლანგუტა-ე-ბარფის აღმოსავლეთ ქედზე გადავიდნენ, 6 833 მეტრზე. ეს ამ მწვერვალზე ისტორიაში მეოთხე ასვლა იყო, პაკისტანიდან კი პირველი.

9 დღის შემდეგ კი 2021 წლის 3 სექტემბერს ქართველმა ალპინისტებმა დაიწყეს სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მწვერვალისკენ მთის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, დაახლოებით 5 000 მეტრიდან ზემოთ, თოკის გარეშე, დიდ თოვლსა და მოყინულ ზედაპირზე სვლა. პირველი ბანაკი მათ 6 200 მეტრზე გაშალეს.

მწვერვალამდე კი მეცხრე დღეს მიაღწიეს. სამ ქართველ ალპინისტს სწორედ ამ მიღწევის გამო გადაეცა ოქროს წერაყინის ჯილდო.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჟიურიმ ქართველი ალპინისტებისთვის ოქროს წერაყინით დაჯილდოების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო: ვინაიდან ეს მაღალი, აქამდე მიუწვდომელი მწვერვალია ნაკლებად ნაცნობ მხარეში, თანაც ალპინისტები ამ მთაზე იმ მხრიდან ავიდნენ, საიდანაც ეს არავის უცდია, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ხანგრძლივი, წმინდად ალპინისტური სტილის ცოცვა ტექნიკურად რთულ გზაზე მცირერიცხოვანმა ჯგუფმა შეასრულა, რისთვისაც, ჟიურის თქმით, დიდი თავდადება იყო საჭირო.

ოქროს წერაყინი (Piolet d'Or) არის ყოველწლიური მთამსვლელობის ჯილდო, რომელიც 1992 წლიდან ფრანგული ჟურნალების Montagnes (მთები) და Groupe de Haute Montagne (მაღალი მთის ჯგუფი)-ის მიერ გასულ წელს მთამსვლელობაში მიღწევებისთვის გაიცემა.


close დახურვა