logo
ENG



კალაძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობს და "ტრაგედიის პოლიტიზებაზე" საუბრობს

19 ოქტ 202212:05
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მერს კახა კალაძეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერი უთქვამს. მან ვაკის პარკის ტრაგედიის "პოლიტიკური მიზნებით" გამოყენებაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, "სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ".

კალაძის თქმით, "მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც", მაგრამ აღნიშნავს, რომ "სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია".

"რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პირადადაც მზად ვარ თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და რა თქმა უნდა, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს", - თქვა კალაძემ. 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.

ნიუ ჰოსპიტალსის ექიმმა, დავით ციბაძემ დღეს განაცხადა, რომ ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს, სავარაუდოდ, კლინიკიდან გაწერენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.


close დახურვა