logo
ENG



რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ხერსონში ხიდის დაბომბვაში ადანაშაულებენ

21 ოქტ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/ab2v07hgtef3sko.jpg

ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდსა და გადასასვლელზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც, მათი ცნობით, 4 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსული მედია აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით ხერსონის მიმართულებით 12  HIMARS რაკეტა ისროლეს, მათგან 1 ანტონოვსკის ხიდთან ახლოს დაეცა, რომელიც რამდენიმე თვეა დაზიანების გამო უფუნქციოა.

უკრაინული მედია კი აცხადებს, რომ ხერსონში არსებული ხიდი და გადასასვლელი 20 ოქტომბერს საღამოს რუსულმა ძალებმა დაბომბეს.

უკრაინსკა პრავდას ცნობით, ღამით დაახლოებით 23:00 საათზე რუსულმა ძალებმა ხიდის მიმართულებით 6 რაკეტა ისროლეს. ამ დროს ხიდს სავარაუდოდ, რუსული ტექნიკა და სამხედროები კვეთდნენ, შესაბამისად უკრაინის თქმით, შემთხვევას, სავარაუდოდ, მსხვერპლიც მოჰყვა.

„ამ დროს სავარაუდოდ, რუსეთის ჯარის შეიარაღება და ადამიანური ძალები გადაადგილებოდნენ ხიდის გასწვრივ, ვინაიდან ოკუპანტები აქტიურად გადადიან ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ არიან გარდაცვლილები“ - წერს უკრაინული მედია.

ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.

მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ"

მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.

„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.

ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.

უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.

20 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და მასზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავენ.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა,  მიიღონ პრევენციული ზომები და ოკუპანტებს ცხადად უთხრან, რომ ამგვარი ტერაქტი მასობრივი ნგრევის იარაღის გამოყენებას გაუტოლდება, რასაც რუსეთისთვის "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".


close დახურვა